пятница, 19 мая 2023 г.

კონფერენცია ,,ოქროს რიცხვი - 2023“

 I და II სასწავლო კურსის კადეტებმა მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეთა და მასწავლებელთა ყოველწლიურ კონფერენციაში - ,,ოქროს რიცხვი - 2023“, რომელიც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. 

ლიცეუმის ,,ნორჩ ქიმიკოსთა კლუბის“ კადეტებმა პოსტერები შექმნეს და სტენდური მოხსენების სახით ხუთი თემა წარადგინეს: ,,ქიმიკოსები გვირჩევენ“, ,,ქიმია სამხედროთათვის“,  ,,ბუნების საოცრება”, ,,საკვები და კალორიები“, ,,ზოგიერთი კარსტული მღვიმის წვეთოვანი წყლის ქიმიური შედგენილობის დადგენა”.  

კონფერენციაზე კადეტთა კლუბის მიერ წარდგენილმა ხუთივე თემამ  მოწონება დაიმსახურა. კადეტებმა ჟიურის რჩეული კლუბის წოდება მოიპოვეს და ორგანიზატორებისგან  სერტიფიკატები გადაეცათ.

კადეტებს ლიცეუმის ქიმიის მასწავლებლები: ეკა მურუსიძე და ნესტან ბანცაძე ხელმძღვანელობდნენ. 

კონფერენცია ,,ოქროს რიცხვი“ ორგანიზებულია საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის მიერ. იგი მიზნად ისახავს ქიმიის პოპულარიზაციას და აღნიშნული საბუნებისმეტყველო დისციპლინით დაინტერესებულ მოსწავლეთა გამოვლენას.



четверг, 18 мая 2023 г.

eTwinning--ის პროექტების პრეზენტაცია და გამოფენა

 კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მასწავლებლებმა და კადეტებმა მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში ითვინინგის ფარგლებში განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია და გამოფენა მოაწყვეს.

კადეტებმა გამოფენაზე წარმოადგინეს სხვადასხვა თემატიკის 14 პროექტი. მათ ისაუბრეს თითოეული პროექტის მნიშვნელობასა და მიღწეულ შედეგებზე.
პრეზენტაცია და გამოფენა ლიცეუმის მასწავლებლის ეკა მურუსიძის ორგანიზებით განხორციელდა.
ითვინინგის პროგრამაში კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მასწავლებლები რამდენიმე წელია აქტიურად ახორციელებენ საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს. ამჟამად ლიცეუმის 32 მასწავლებელი არის ითვინინგის პროგრამაში ჩართული.
ითვინინგის პროგრამა ონლაინ პლატფორმაა, რომელიც შექმნილია ევროპისა და მისი მეზობელი ქვეყნების სკოლების თანამშრომლობის ხელშესაწყობად. პროგრამა იძლევა შესაძლებლობას სხვადასხვა ქვეყნის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა განახორციელონ ერთობლივი პროექტები, გაუზიარონ ერთმანეთს იდეები და გამოცდილება.